ჭადრაკის სასწავლო ონლაინ რესურსები

ჭადრაკის სასწავლო ონლაინ რესურსები

მოგეხსენებათ სწავლა ნახევრად ონლაინ გაგრძელდება და ბავშვებს დიდი დრო ექნებათ სხვადასხვა უნარების დასაუფლებლად. სწორედ ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ მათთვის თავისუფალი დრო მეტად საინტერესო გაგვეხადა და დღეს ჭადრაკის სასწავლო რესურსებს გაგიზიარებთ, რომელიც დაეხმარება როგორც მოსწავლეს ასევე ნებისმიერ მსურველს ნულიდან შეისწავლოს ჭადრაკი.

 ბევრი ქვეყანა მათ შორის ჩინეთი, ინდოეთი, ირანი აცხადებენ, რომ მათ გამოიგონეს ჭადრაკი თუმცა ზუსტად არავინ იცის თუ სად აღმოცენდა ის. დროთა განმავლობაში მისი პოპულარობა გაიზარდა და თამაში გავრცელდა მთელ მსოფლიოში. 1866 წელს ვილჰელმ სტეინიცმა მოიგო პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ლონდონში გაიმართა. მას შემდეგ ბევრი მსოფლიო ჩემპიონი ყოფილა და ამჟამად ჭადრაკი ჯერ კიდევ არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ცოდნაზე დაფუძნებული თამაში მსოფლიოში.

 ჭადრაკი ინტელექტუალური თამაშია, რომელშიც ორგანულადაა შერწყმული ხელოვნების, მეცნიერებისა და სპორტის ელემენტები. ჭადრაკი ხელს უწყობს ადამიანში აზროვნების, ყურადღების კონცენტრაციის, თვითკრიტიკის განვითარებას, აყალიბებს გამარჯვებისკენ სწრაფვას და ა.შ. ჭადრაკის თამაშში მკაფიოდ ვლინდება პიროვნების ხასიათის ინდივიდუალური თავისებურებანი. ჭადრაკის პარტიას თამაშობს ორი პარტნიორი („თეთრი“ და „შავი“ ფიგურებით) კვადრატული, მუქი და ღია ფერის 64-უჯრედიან დაფაზე (ქვემო ნათელი უჯრედი მოთამაშის მარჯვენა მხარეს უნდა იყოს). თითოეულ პარტნიორს აქვს 16 ფიგურა (მეფე, ლაზიერი, ორი კუ, ორი ეტლი, ორი მხედარი და რვა პაიკი). ჭადრაკი პარტნიორის გარდა შეგიძლიათ კომპიუტერსაც ეთამაშოთ. ქვემოთ ჩამოთვლილი რესურსები დაგეხმარებათ უფრო მეტი გაიგოთ ჭადრაკის შესახებ, ისწავლით როგორ ამოძრაოთ ფიგურები, გაეცნობით ჭადრაკის სტრატეგიას, ტაქტიკას, ნახავთ ცნობილი მოჭადრაკეების თამაშებს და ა.შ.

 

Chess.com  დაფუძნებულია 2007 წელს და 30 მილიონზე მეტი მომხმარებლით ინტერნეტში ყველაზე დიდი საიტია. თქვენ შეგიძლიათ ითამაშოთ ჭადრაკი როგორც რეალურ დროში ასევე ჭადრაკი რომლის თითოეული სვლის მოსაფიქრებლად დღეები გექნებათ. საიტის ძირითადი წევრობა უფასოა, ხოლო პრემიუმ მომხმარებლებს წვდომა აქვთ საიტის დამატებით თვისებებზე, ვიდეოზე, და სტატისტიკაზე.

 

Chess24  2014 წლიდან არსებობს და სწრაფად გაიზარდა როგორც მოწინავე ჭადრაკის სასწავლო და სათამაშო პლატფორმა. ძირითადი წევრობა აქაც უფასოა, თუმცა პრემიუმ წევრებს სრული წვდომა აქვთ სატრენინგო მასალაზე როგორიცაა ვიდეო სერიები და წიგნები. პრემიუმ წევრებს ასევე შეუძლიათ გამოიწვიონ ტიტულოვანი მოთამაშეები, რომელებიც ონლაინ სტრიმში არიან. რეგისტრაციის გარეშე შეგიძლიათ სამჯერ ითამაშოთ ჭადრაკი.

 

Lichess  2010 წელს შეიქმნა და მისი ყველა თვისება არის უფასო, არ აქვს რეკლამები და არის ღია წყაროს ონლაინ ჭადრაკის სერვერი. ის შეგიძლიათ ვებ-გვერდზეც ჩააშენოთ. საიტზე შეგიძლიათ ითამაშოთ ანონიმურად და ასევე სხვადასხვა ტიპის ონლაინ ჭადრაკი, მას აქვს სატრენინგო თვისებები და კონკურენცია საკმაოდ დიდია. საიტს არ აქვს იგივე ტიპის სატრენინგო მასალა როგორც Chess.com-ს და Chess24-ს, თუმცა მათ მსგავსად Lichess-ზე რეიტინგის მოსაპოვებლად რეგისტრაცია გჭირდებათ. რეგისტრაციის გარეშე შეგიძლიათ ულიმიტო რაოდენობის ჭადრაკი ითამაშოთ.

 

Play.chessbase  2016 წლიდან კომერციული ჭადრაკის სერვერია. საიტზე Lichess-ის მსგავსად შეგიძლიათ ითამაშოთ ანონიმურად. რეგისტრაციის შემდეგ შეგიძლიათ ეთამაშოთ თქვენ რეიტინგთან მიახლოებულ მოთამაშეებს რომლის დროსაც თქვენი თამაშები ქულებით შეფასდება, ასევე შეგიძლიათ ნახოთ მინიშნებები, თამაშების ქლაუდში შენახვა. რეგისტრაციის გარეშე შეგიძლიათ ულიმიტო რაოდენობის ჭადრაკი ითამაშოთ.

 


 

FIDE  1924 წლიდან არის საერთაშორისო ჭადრაკის ფედერაცია ან მსოფლიო ჭადრაკის ფედერაცია. ის აერთიანებს 190 ქვეყნის ფედერაციას და მოქმედებს როგორც ჭადრაკის საერთაშორისო შეჯიბრებების მამოძრავებელი ორგანიზმი. საიტზე გაეცნობით უახლეს სიახლეებს ჭადრაკის შესახებ, სხვადასხვა ტურნირების შესახებ ასევე იხილავთ მოჭადრაკეების რეიტინგს.

 

Chessbase  არის პლატფორმა სადაც ასევე გაეცნობით ჭადრაკის შესახებ სიახლეებს, გაიგებთ ჭადრაკის ტურნირების შესახებ, იხილავთ ჭადრაკის პარტიის დაწყების სხვადასხვა ტიპს ასევე საიტზე შეგიძლიათ იხილოთ და შეიძინოთ სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო ჭადრაკის ვიდეო გაკვეთილები მისი სტრატეგიის და ტაქტიკის შესახებ. მათ მიერ შექმნილი Chessbase არის არის პერსონალური დ განცალკევებით მდგომი ჭადრაკის მონაცემთა ბაზა, რომელიც გახდა საეთაშორისო სტანდარტი როგორც მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკეებისთვის ასევე დამწყებთათვის. მისი დახმარებით თქვენ შეგიძლიათ მოემზადოთ სხვადასხვა მოთამაშესთან სათამაშოდ.

 

Chessable  ჭადრაკის სასწავლო ონლაინ პლატფორმა. თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ ჭადრაკის სტრატეგია, ტაქტიკა, თამაშის გახსნა და დასრულების გზები.

 

თუ ჭადრაკის სათამაშოდ მოტივაციაც გჭირდებათ მაშინ უყურეთ ვიდეოს, რომელშიც სკოლის მოსწავლეები ისაუბრებენ ჭადრაკის შესახებ:

თუ კიდევ ეძებთ დამატებით მოტივაციას მაშინ ეს ვიდეოც ნახეთ, რომელშიც ამჟამინდელი მსოფლიოს ჩემპიონი მაგნუს კარლსენი გაგიზიარებთ რჩევებს ჭადრაკის შესახებ:

 

თქვენ ვინ ხართ ჭადრაკის დაფაზე ? მოგვწერეთ კომენტარებში.

კომენტარები